ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს სრულად და უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია.

ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითად, საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია, ამავდროულად კი – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, თქვენი ინიციატივით, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენ მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, ღია წერილით, საჯაროდ მოგმართოთ.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ჩვენი ხალხისთვის ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებითი სივრცე, ჩვენი წინაპრების ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ქრისტიანულ მორალს, თავისუფლებას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება.

ჩვენთვის ევროკავშირი საერთო, ევროპული ცივილიზაციური სივრცეა, გაერთიანება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ, მათ შორის, ქართველ ხალხს ეკუთვნის.

ამ ფონზე, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც, ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.

ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს: როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?

იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა – თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა, შესაძლოა, იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად.

საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, თქვენ მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ?

როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება? როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და, ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?

სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია.

საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თქვენგან მკაფიო პასუხს ელოდება: რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლო შედეგი, პროცესებისა, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა თუ პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ?“ – აღნიშნულია ღია წერილში.

მსგავსი სიახლეები

26 მაისს აზერბაიჯანიდან საქართველოში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა – კობახიძე

26 მაისს აზერბაიჯანიდან საქართველოში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა –…

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. „მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსთან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების და ტურისტული მიმოსვლის გაფართოების კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.
ალენ ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან – ირაკლი კობახიძე

ალენ ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან –…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან.…
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე?

რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე?

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დახურულ შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ამის შესახებ მან სომხეთში ჟურნალისტებს ევროპული პოლიტიკური…